მეორედ მოსვლა
` მოველით აღდგომასა მკვდრეთით და
ცხოვრებასა მერმისსა მისსა უკუნისა,ამინ!`
მრწამსი.
დასცხეთ დაფდაფებს, გააჩაღეთ კვნესა ზარების,
ააქვითინეთ ორთქმავლები, აუწყეთ ყველას,
მეორედ მოსვლა... ჰა, ლანდები შესაზარებნი,
უკვე აყეფდნენ და უთვლიან მაღალ ღმერთს წყევლას.
აზვირთებულან სისხლის მთებად საუკუნო სარეცელები
და დედამიწა შეჰფარვია უღიმღამო ღამეთა ზეწარს,
მიცვალებულნი მოცახცახე, ცეცხლის ცელებით,
გრგვინვით გაბზარულ საფლავებზე ამხობენ ზეცას;
მხეცნი დაცოფდნენ, ღრიანცელი სივრცეებს დასცეს,
ბნელ ხეობებში მეხთატეხის ექონი ჰქუხან,
ჩონჩხთა ყმუილით დაფეთებულ ანგელოზთ დასებს
ელვის მათრახით ერეკება სატანა გულქვა.
ყველგან უწყალო წყვდიადია, წყეული ყინვა
ყვავ-ყორნებიც კი შიშით ფრთებს ძლივს ასავსავებენ
სისხლიან ქარებს მოთქმითა და ქვითნით მიაქვთ
წიხლით ნათელი, უდღეური ბავშვთა თავები.
ქვეყნად ყოველი ამაოა... უკვე გვიანი...
მიწა ირწევა,მიწა იძვრის,ცეცხლი ფლეთს და ღრღნის.
არნახულ რისხვით მღელვარებენ ოკეანენი,
სისხლი და სისხლი,შურისგება, ჯანღი და ჯანღი.
საკირეების ლოტოებით დრტვინავენ ველნი,
ცეცხლში მკვნესარე შიშველ ქალებს არავინ შველის.
ეკლესიები გედთა ფრთებით მისცურავს ცისკენ,
ვარვარა ჯვრებზე ეხვევიან კაცის მკვლელები;
გუგუნებს მიწა, გულშემზარად გმინავს და ისევ
უფსკლულებიდან იმუქრება მკაცრი ხელები.
ო,ეს ხელები,სისხლიანი შავი ხელები
ლამობს ყოველი არსის აღგვას განახელები,
წინასწარმეტყველ,ყოვლისტყვედმქმნელ ფერიის საყვირს
ქუხილად ასდევს იდუმალი ქვესკნელთა ბანი,
დათა სასთუმლებს,ძმებისაგან წაბილწულთ,წარყვნილთ
ცრემლთა წარღვნებით ვერ განბანენ თვით ღვთაებანიც.
კაენის აჩრდილს - მოზეიმეს,მარად მედიდურს,
გადაუშლია თვისი ფრთები პირბასრ დანებად
აღარც ნუგეში,აღარც რწმენა, აღარც მუდარა
აღარც სიკვდილი,აღარც მხსნელი და დანანება.
არსაით შველა. ვიღუპებით,ნისლია,ნისლი,
ციურ კოშკთაგან განმგმირავი ელვები ცვივა.
შლეგი დედები ყანწს ავსებენ შვილების სისხლით,
ძველი ცოდვების შესანდობარს სიცილით ცლიან.
დასცხეთ დაფდაფებს და სანთლების სევდიან ალში
ააფრიალეთ ქრისტეს ხატით ნაქარგი დროშა!
დასცხეთ დაფდაფებს,მიაჩუმეთ სიკვდილის მარში,
მეორედ მოსვლა მოახლოვდა, მეორედ მოსვლა!
1940 წელი. ქ. თბილისი
საუბარი მეგობრის ლანდთან
მიხეილ ოქროპირიძის ხსოვნას
თუმცა წევხარ ცივ, განათოშ სუდარაში,
ლანდი შენი გვერდითა მყავს ფერმიხდილი,
ერთად ჩავალთ დღესაც ნაცნობ ლუდხანაში,
სადაც ერთდროს ჩვენ გვიყვარდა შლეგი ლხინი.
უმოწყალოდ და უზომოდ დავთვრეთ გვინდა.
დავივიწყოთ ბედმა რარიგ გაგვამწარა,
ჰა! ის კუთხე - ჩვენი კუთხე და მაგიდა
იქ ჩვენს ნაცვლად დგას ვიღაცა მაწანწალა,
გაწეწილი,შეშლილი და უცხვირპირო
და ხარხარებს: ხა-ხა-ხა-ხა, ხა-ხა-ხა-ხა...
და მე მასში ეს მახინჯი ვცან ცხოვრება
და სამარეს მივამსგავსე მისი ხახა!
სად გაფრინდნენ ის ლურჯფრთება ოცნებანი,
ვინ ჩასწყვიტა ჩანგს სათუთი ის სიმები?
გვეკითხები... შენ კი სდუმხარ მოჩვენებავ
და პასუხად მხოლოდ მწარედ იღიმები!
დედისადმი
შმაგი გრიგალი წეწავს
ჩემი ოცნების აფრებს...
რად მიამბობდი, დედავ,
იმ ლამაზ,მაცდურ ზღაპრებს...
ზღაპრებს დავეძებ ყველგან,
სიცხადე მისთვის მბუგავს,
წინ უფსკლულია,დელგმა,
მეწყერი მოსდევს უკან.
რად მიამბობდი დედავ!
ზღაპრებს-შეშლილის ბოდვებს,
თუნდ ერთხელ მაინც ნეტავ
ზღაპარი ცხადდებოდეს.
... ან ეს სამყარო რას ჰგავს
მართლაც,ბოლოს და ბოლოს,
ცხენის უძაზე არსად,
რად არ აბამენ ბოროტს!
მე ჩემს წყეულ ბედს ვიცნობ:
უნდა წამებით მოვკვდე,
კუბო მომივა ვიწრო...
და სამარეც კი მოკლე!
ეს ჩემი გულიც
გახსოვს,ბავშვური საიდუმლო
როგორ გამანდე?..
მალვით მაჩვენე იადონის ბუდე პატარა
თქვენს ქოხში,ვარდობის თვეში!..
ჰო... ახლა...ახლა აქ რომ იყო
ყველასგან მალვით,ბავშვური კრძალვით,
მეც საიდუმლოს გაგიმჟღავნებდი:
ეს ჩემი გულიც ბუდე არის იადონისა,
შენი უკვდავი სიყვარულის ჰანგით აღსავსე!
მეგობრის ხსოვნისადმი
`ეგ საფლავთა კუნძულია მდუმარე,
იქვეა საფლავი ჩემი სიყრმის,იქ მივიტანე მე სიცოცხლის მწვანე გვირგვინი!`
ფრ. ნიცშე
როცა ტუნდრიდან მზიან ღამეში,
დაისის ალში მოსჩანს ურალი,
მუდამ მწუხარე შენი ხმა მესმის,
შენი აჩრდილის ხმა იდუმალი:
რომელიც ასე ჰგავს გედის კვნესას,
ჰგავს ვერთქმულს ვერცერთ მოკვდავის ენით,
მუდამ სარკოფაგს მაგონებს ეს მთა
რომელშიც ყრმობა ჩამარხეს ჩვენი.
სიმართლისათვის ენებს რომ გვჭრიდნენ
და ზურგში გვცემდნენ დანას ფარულად,
რადგან სამშობლოს სიყვარულს სთვლიდნენ
ცოდვად, უსაზღვრო დანაშაულად!
მჯერა განკითხვის ჟამი ეწვევათ
ეს `კართაგენიც` დაილეწება!
ტოროლა
ტოროლავ,შენი ტიტინი ტკბილი
ნეტავ საფლავშიც ჩამესმას მძინარს!
ჩამომჭიკჭიკო: - გეყოფა ძილი...
ერთად ვუმღეროთ გაზაფხულს მზიანს,
ვუმღეროთ მზეს და ყვავილთა ზეიმს,
მაგრამ უწყალოდ დაფლეთილ გულით
ხმატკბილ სიმღერას კიდევ შევიძლებ,
ვაჰ, თუ ყმუილი ამომხდეს მგლური?!
დაზაფრული იმედი
დაზაფრული იმედი,
გაზაფხულის წვიმები
ჩანგი ჩალეწილი და
ჩაწყვეტილი სიმები.
გაზაფხულის მზე იყო
შენ რომ შემომღიმებდი,
შენ რომ გამშორდებოდი,
შემოდგომის წვიმები!
დაბრუნები შემდეგ თქმული
დაიწვას ჩემი ბედიც,აკვანიც...
ჰოი,როდემდე,როდემდე ვდუმდე...
მომენატრება მარტო საკანი
ამდენ ცრუსა და მავნეს რომ ვუმზერ!
აღარ ვხედავდე ამ მაცდურ ნიღბებს
გულქვა,ღვარძლიან,ცრუ ერის კაცთა...
ყველგან მრისხანე ჯალათი მიბღვერს,
მისი ნასროლი ტყვია თუმც ამცდა!
გაუხარელი,შავბნელი წლები,
ბილწი მონები სული რომ უყართ...
ქვეყანა ხარბ და ცოფიან მგლების,
სადაც არავის არავინ უყვარს,
სიყრმე ჩამკვდარი და უბედური,
მხოლოდ იმასღა,იმასღა ვნატრობ,
გადავიკარგო სადმე უდაბურ,
უბირ კუნძულზე მთლად მარტოდმარტო!
სონეტი დანტეს
ო,დანტე,დანტე! ჯოჯოხეთიც ვერ გაგვაკვირვებს,
ამ საუკუნის გზააბნეულ და დევნილ მგოსნებს,
ნავლი რა არის სიყვარულის,ნავლიც კი მოსპეს,
ასი ათასჯერ ჯოჯოხეთის გავცდით ნაპირებს.
ასი ათასჯერ ჩვენი ბედის ვარსკვლავს დავტირეთ,
დღეს ყვავილიც კი დანად გვექცა,რაღა ოცნება,
ვინ დაგვინდობდა ან საშველად ხელს ვინ მოგვცემდა,
ყვავილითაც კი სასიკვდილოდ გულში დაჭრილებს!
ყველგან სიცხადის ზეიმია ,შავი სიცხადის,
ყოველი ლექსი უსაზარლეს სიკვდილს გვიქადის.
ჯოჯოხეთია ჩვენი გულის ყოველი ფეთქვა,
ნუგეშზე ფიქრი,ოცნებაც კი ჯოჯოხეთია.
გესმით? ენაც კი ამოგვგლიჯეს,რომ ვერსად გვეთქვა,
ის,რაც ზღაპრად თქმულ ჯოჯოხეთზეც უფრო მეტია!
1939 წ.
` `ავე მარია`
კვლავ ველურ ჰანგებზე დაუკარ მაესტრო!
მწყურია შლეგური ლხინი და ხარხარი,
გუშინ ჩემს ნიშნობას ჯალათი დაესწრო
და დღესაც სისხლიან ქორწილშიც აქ არის!
აქ ყინვის ლოდებით ნაგებ სასახლეში,
ძაძით შესუდრულა,შავია ყოველი...
ყინვის კელაპტართა სხივნი ცახცახებენ
და მგზნებარ მეუღლეს ამაოდ მოველი.
ცივი,ამაზრზენი ყინულის ქანდაკი,
მომგვარეს მის ნაცვლად!.. ყალბია ყოველი!
მთვარემ გაგვიშალა ყინვის სასთუმალი
და ვით ოკეანე ჰქუხს `ავე მარია `
იქნებ ამ სიცხადის წამით ვარ სტუმარი,
ამ იქნებ ყოველი წამი სიზმარია?
და თუ სიზმარია ეს კოშკიც და ეს დროც,
რისთვის-ღა მქუხარებს ეს ` ავე მარია` ...
კვლავ ველურ ჰანგებზე დაუკარ მაესტრო,
იქნებ ამ გლოვის ხმას სადმე დავემალო,
ეს ჩემი გზაკვალი უღვთოდ რომ არია,
ო, `ავე მარია`!
შეგონება
მინდა მტერსა და მოყვარეს ვუთხრა:
არ დავიჯერებ,არა აროდეს,
თვისივე ხატად შემქმნელ ჩვენს უფალს
სიმდაბლე ჩვენი რომ უხაროდეს!
მოსწონდეს კრძალვით მის წინ რომ თავს ვხრით,
მუხლს ვიყრით,ანდა მუცელზე ვხოხავთ!
მწამს უმოწყალოდ წვავს მწარე ფიქრი
`ვაი რას ჰგვანან` ჰგოდებს და ოხრავს!
ამაყი იყავ ადამიანო!
`არსთა გამრიგემ` არ დაინანოს,
რომ უბადრუკი თიხისგან შეგვქმნა!
მსგავსება გვქონდეს მასთან თუნდ ცოტა,
თავს რომ ვიმდაბლებთ,ამითაც ვცოდავთ
ჩვენს ყოვლისშემძლე მოწყალე ღმერთთან!
რა იქნებოდა ცხოვრება?
რის სიჭაბუკე,რა სიჭაბუკე!
ზღვა ბობოქრობდა და ზღვა მიწყნარდა!
ყველა,ყოველი ქარს გაჰყვა უკვე,
ვინც კი მიყვარდა და რაც მიყვარდა!
ცხოვრება მართლაც არის ბაზარი,
`ამაოების ბაზარი` ბილწი,
ცრუ,ულმობელი და შესაზარი,
და თურმე ყველა ამაოდ ვიღწვით!
შავ,გავეშებულ უფსკლულებს ვხედავ
და საიმედოს გნატრობ ბილიკო,
რა იქნებოდა ცხოვრება ნეტავ,
რომ პოეზია არ ყოფილიყო!
არმაგედონი
გაუსაძლისი ხდება ცხოვრება
აღარ მენდობი! აღარ გენდობი!
თვითონ სამყაროც რომ უცხოვდება
ალბათ ახლოა არმაგედონი.
ადამიანი თავსა გრძნობს გერად,
ღვთის გზას ამცდარნი არც ვუსმენთ უფალს
ბოლო არ უჩანს სისხლის ღვრას ნგრევას
თავს დაგვხარხარებს სატანა ურცხვად,
თუ არ იფხიზლე ადამიანო
ვაი,თუ უღმერთოდ დააგვიანო!
ვინმე მოკვდავი იფიქრებს ნეტავ
მხოლოდ უფალმა რომ იცის ხსნის გზა
ლამის ლამაზი ჩვენი პლანეტა
მკვდარ მთვარის მსგავსად დააჩნდეს ცის თაღს.
3 იანვარი 2005წ.
*
* *
იკურთხეთ ძალნო განგებისანო
დიდება თქვენდა... უფალს დიდება
ძნელი არ არის ჭკვად შევიშალოთ
თუკი დავეძებთ ჭეშმარიტებას!
ჭეშმარიტებას და სინამდვილეს
ალბათ იმიტომ გულდასმით მალავთ
უფლისთვის უფრო არის ადვილი
თუკი უვიცნი დავრჩებით მარად?!
რომ არ ვიცოდეთ სიკვდილის შემდეგ
უხორცოდ ქმნილი სიცოცხლეს შესძლებს?
იდუმალებას ვინ ახდის ფარდას
თუნდ იყოს მრძენზე უფრო უბრძნესი
ყოვლის შემქმნელი უფალის გარდა
სხვას არვის ძალუძს რომ გვცეს ნუგეში!
5 იანვარი 2005 წ.
განშორების ჰანგები
`ოთახში სიჩუმეა,სიჩუმე განწირულ ძახილზე
მძლავრი`... `მეუბნებოდი,რომ გინახავს ვაშლის
ბაღი,სადაც ქარიშხალმა ყველა ყვავილი გაანადგურა`
ანა ფილიპი
დამემშვიდობე შენ სამუდამოდ,
გამოციებულს შევცქერი კერას,
ახლა სახლიც ჰგავს სამარეს მდუმარს,
წავიდნენ,მარტო დამტოვა ყველამ
და სიმარტოვეც არ შემიძლია...
ჩავალ,განძარცულ ბაღში გავივლი,
სადაც ყოველი ვაშლის ყვავილი
ქარიშხლისაგან გაწეწილია,
სადაც საზარი დუმილი არის,
მაგრამ განწირულ ძახილზეც მძლავრი!
მჯეროდა ღმერთის,მჯეროდა ბედის,
რომ მომავალი გვქონდა ბრწყინვალე,
მაგრამ ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი,
ასე უღმერთოდ რომ გაგვწირავდნენ!
ციმბირის გზებზე
ჩალით დახურულ რუსეთს სალამი!
სისხლიანი, რომ ამკობს ალამი!
მე სტოლიპინის რონოდით მოვვლე
ბნელი რუსეთი... ვრცელი რუსეთი,
და ყველგან შევხვდი ქედმოხრილ მონებს
და ყველგან დამხვდა ბრმა ბურუსეთი.
წამართვეს ქნარი ტკბილმოუბარი
მომწყვიტეს მშობელ მთებს და ტრამალებს
და ჟანგიანი ხელთ მომცეს ბარი,
რომ თვით გავთხარო ჩემი სამარე!
კაცი ჩალად ღირს,სიცოცხლე გროშად,
ყველგან ჯალათის ელვარებს დანა,
აქ ყოვლისშემძლე ატომის დროში
ჯერ კიდევ მეფობს ბრინჯაოს ხანა...
და მაინც გულში ღვივის იმედი,
თუმც მწუხრი ჰმოსავს მიწას და ზეცას
და მეც რა მეთქმის იმისი მეტი
`ამ ბორკილებით ვამაყობ დღესაც~ !
ს. პუშკინო, 1952 წ.
სიკვდილის წინ დაწერილი ლექსი
ვუძღვნი ჩემს შვილიშვილს თათია მჭედლიშვილს
დაილოცოს ღმერთო შენი სამართალი,
რომ მზის ღვინო მასვი ამ ცის თასით
ვარ ლექსით და მზიურ ღვინით მთვრალი
ღრმა სიბერეს ვაღწევ და ვით ბავშვი
ენას ვიჩლექ, ვბაჯბაჯებ და არც ვცნობ
სიკვდილის ლანდს არ მოველი თრთოლვით
შვილიშვილთან ვგიჟმაჟობ და ვანცობ
ისე ვცელქობ თითქოს ვიყოთ ტოლნი..
თუ არ ყოფნის გზა კვლავ გავიარე,
ღმერთო ისევ მომივლინე ქნარით
ეს მზის ღვინო მასვი ამ ცის თასით
დამიბრუნე სიყრმე ბობოქარი,
თუნდაც წამით გავხდე შენი მსგავსი.
22 დეკემბერი 2003 წელი.
1939წ.
ციმბირის გზებზე
ჩალით დახურულ რუსეთს სალამი!
სისხლიანი რომ ამკობს ალამი!
მე სტოლიპინის რონოდით მოვვლე
ბნელი რუსეთი... ვრცელი რუსეთი,
და ყველგან შევხვდი ქედმოხრილ მონებს
და ყველგან დამხვდა ბრმა ბურუსეთი.
წამართვეს ქნარი ტკბილმოუბარი,
მომწყვიტეს მშობელ მთებს და ტრამალებს
და ჟანგიანი ხელთ მომცეს ბარი,
რომ თვით გავთხარო ჩემი სამარე!
კაცი ჩალად ღირს, სიცოცხლე გროშად,
ყველგან ჯალათის ელვარებს დანა,
აქ ყოვლისშემძლე ატომის დროში
ჯერ კიდევ მეფობს ბრინჯაოს ხანა...
და მაინც გულში ღვივის იმედი,
თუმც მწუხრი ჰმოსავს მიწას და ზეცას
და მეც რა მეთქმის იმისი მეტი -
"ამ ბორკილებით ვამაყობ დღესაც"!
ს. პუშკინო, 1952წ.